თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში:

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (33.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (26.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (17.9 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 19.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 14.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9 პროცენტი).