თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1%-იანი მატება.

2025 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.7%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.3%), რამაც 1.03 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.2%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.8%).

გარდა ამისა, ფასების 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.16 პ.პ. შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.55 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (33.3%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.86 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.3%) და სასმელებზე (2.8%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.64 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პ.პ.-ით იქონია გავლენა.