თბილისი (GBC) - 2026 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბაზო ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.3 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-12.3%), ხილი და ყურძენი (-2.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3%), თევზეული (-0.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (2.3%), რძე, ყველი და კვერცხი (2.1%), ზეთი და ცხიმი (1.2%), პური და პურპროდუქტები (0.7%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-6.4%), ისე ფეხსაცმლის (-2.4%) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პ.პ. შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტობრივ გადასახადსა (2.3%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (1.3%). 

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.1%), ზეთი და ცხიმი (7.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4%), რძე, ყველი და კვერცხი (4.2%), ხილი და ყურძენი (2.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5%). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3%-ით, რაც 0.8 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4%), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (8.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8%);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7%).