თბილისი (GBC) – ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „FoResorts 2025“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველოს კურორტების მრავალფეროვანი პოტენციალი ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია. ისინი ქმნიან ტურისტული პროდუქტის ფართო სპექტრს და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ. საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ქვეყანამ ყოველწლიურად მოიზიდოს მილიონობით ვიზიტორი, შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს".
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელთაც მთავრობა საკურორტო სექტორის განვითარებისთვის ახორციელებს. მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ინვესტიციები როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისე დარგისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებაში.
„სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ არსებული კურორტების განახლება და მოდერნიზაცია, არამედ ახალი საკურორტო ადგილების განვითარება. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა ის წინაპირობა, რაც საჭიროა წარმატებისთვის - ბუნებრივი გარემო, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი, თანმიმდევრული პოლიტიკა და მზარდი ინვესტიციები, რაც განაპირობებს საკურორტო ინდუსტრიის მდგრად და კონკურენტულ განვითარებას", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ფორუმი კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, საკურორტო ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობდნენ.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტი და იტალიის ქალაქ მონტეგროტო თერმეს მერი რიკარდო მორტანდელო, აზიის განვითარების ბანკის ახალი ლოკაციების განვითარების მიმართულების დირექტორი შრინივას სამპატი, საუდის არაბეთის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი აჰმედ ალ არეჟი, ბუდაპეშტის სპა და თერმული კურორტების კომპანიის ხელმძღვანელი ილდიკო ბოროსნე სიუტსი, საფრანგეთის Cluster Montagne-ის დირექტორი ბენუა რობერტი, Grand Massif Domaines Skiables-ის გენერალური დირექტორი ფრედერიკ მარიონი და სხვ.