თბილისი (GBC) - გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი X-ზე წერს, რომ "ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს". აქვე, მერცი ირანის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ირანელი ხალხი დაიცვას.

„რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა არა სიძლიერის, არამედ სისუსტის ნიშანია. ეს ახლავე უნდა დასრულდეს. იმისთვის, რომ ამ გზავნილს ხაზი გავუსვათ, ევროკავშირი დამატებით სანქციებზე მუშაობს“, - წერს მერცი.

მანამდე, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია“.

„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ირანში საპროტესტო ტალღა ორი კვირის წინ, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო დაიწყო. ეს ირანის ხელისუფლებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული შიდა გამოწვევა აღმოჩნდა, რაც დაემთხვა გასულ წელს აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების შედეგად გაზრდილ საერთაშორისო წნეხსაც.

სააგენტო Reuters წერს, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა პირველად დაადასტურეს ქვეყანაში მიმდინარე ორკვირიანი არეულობის შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი. 13 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც.