თბილისი (GBC) - გერმანია არქტიკის რეგიონში NATO-ს ერთობლივი ოპერაციის ინიციირებას გეგმავს. აღნიშნულის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადარწმუნება გრენლანდიის შესაძლო ანექსიასთან დაკავშირებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, მისია „Arctic Sentry“ (არქტიკის გუშაგი) რეგიონში საფრთხეების მონიტორინგს ისახავს მიზნად. მისი მოდელი კი ეფუძნება გასულ წელს ბალტიის ზღვაში მტრული ქმედებების აღსაკვეთად დაწყებულ ოპერაცია „Baltic Sentry“-ს.

The Telegraph წერს, რომ ევროპელი ლიდერები შეაშფოთა პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ, გამოიყენოს სამხედრო ძალა დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად. აღნიშნული რიტორიკა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ ვენესუელას "დაესხა თავს". ამ ფონზე, გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად განიხილავს გრენლანდიაში ბრიტანული სამხედრო ქვედანაყოფების, ხომალდებისა და ავიაციის განლაგებას.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბაილმა, მოუწოდა ვაშინგტონს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს: „გრენლანდიის მომავლის განსაზღვრა მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის პრეროგატივაა. ტერიტორიული სუვერენიტეტი და მთლიანობა ხელშეუხებელია - ეს პრინციპები ეხება ყველას, მათ შორის აშშ-ს“.

მიმდინარე კვირაში კლინგბაილი ვაშინგტონში G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გაემგზავრება, სადაც აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდება.

ტრამპი გრენლანდიის ფლობის აუცილებლობას ეროვნული უსაფრთხოებით ხსნის და ამტკიცებს, რომ მის „ხელში ჩაგდებას“ რუსეთი ან ჩინეთი გეგმავენ. თუმცა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი უარყოფს რეგიონში ჩინური ან რუსული ხომალდების ყოფნას.

MarineTraffic-ისა და LSEG-ის ბოლო მონაცემებით, გრენლანდიის სიახლოვეს ჩინური ან რუსული გემები არ ფიქსირდება. ამასთან, ნორდიკული ქვეყნების დიპლომატების განცხადებით, NATO-ს სადაზვერვო მონაცემები არ ადასტურებს მოსკოვის ან პეკინის წყალქვეშა აქტივობას გრენლანდიის წყლებში.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნულს ქვეყნისთვის „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა და არქტიკაში ღირებულებების დასაცავად მზადყოფნა გამოთქვა.

გრენლანდია, სადაც 57 000 ადამიანი ცხოვრობს, სტრატეგიული წერტილია აშშ-სა და რუსეთს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის. კუნძული ასევე მდიდარია ისეთი რესურსებით, როგორიცაა: სპილენძი, ნიკელი და მიწაიშვიათი ელემენტები, რაც მას გლობალური ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების ეპიცენტრად აქცევს.