თბილისი (GBC) – ირანის მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ აბდოლაჰიანის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპვის შესახებ. ვერტმფრენი, რომელშიც ზემოხსენებულთა გარდა კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა, წინასწარი ვერსიით, რთული კლიმატური პირობების გამო, ირანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, მთებში კვირას, 19 მაისს ჩამოვარდა. ირანის პრეზიდენტი ამ ვერტმფრენით აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA წერს.

სააგენტო FARS იუწყება, რომ სამგლოვიარო მსვლელობის დრო და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ირანში მომხდარი ტრაგედიის გამო მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. წინასწარი ინფორმაციით, მთავრობის წევრები რაისის ვერტმფრენის კატასტროფას, ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და თურქეთის ეკონომიკის პრობლემებს განიხილავენ.

ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო მთავრობის სხდომა მოიწვიეს იტალიაშიც. პრემიერ–მინისტრი ჯორჯა მელონი ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრებთან და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავს. სხდომა დღეს, 20 მაისს უნდა გაიმართოს.

ბოლო მონაცემებით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალექ რაჰმატი, ამავე პროვინციის იმამი მოჰამედ ალი ალე-ჰაშემი და კიდევ ბორტზე მყოფი რამდენიმე პირი.