თბილისი (GBC) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ–ის ელჩი ლიზ ტრაისი გამოიძახეს. უწყებაში მას აცნობეს, რომ აშშ–ის საელჩოს პირველი და მეორე მდივნები ჯეფრი სალინი და დევიდ ბერნსტაინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

დიპლომატებს რუსეთის ტერიტორიის 7 დღეში დატოვება მოსთხოვეს, ამის მიზეზად „კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები“ დაასახელეს.

„აღნიშნული პირები უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ, კავშირს ამყარებდნენ უცხო ქვეყანასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქე რ. შონოვთან, რომელსაც მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ დავალებებს აძლევდნენ. ამის მიზანი კი რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება იყო“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ელჩ ტრაისის აშშ–ის „დიპლომატიური მისიის კანონსაწინააღმდეგო აქტივობების შესახებაც“ აცნობეს და რუსეთის „შიდა საქმეებში ჩარევაში“ დაადანაშაულეს.