თბილისი (GBC) - ვენესუელის ჩამოგდებულმა ლიდერმა, ნიკოლას მადურომ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებების გაუქმების თხოვნით მიმართა. იგი ამტკიცებს, რომ, როგორც უცხო ქვეყნის მეთაური, სისხლისსამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

მადუროს ადვოკატების, ბარი პოლაკისა და ანა ესტევაოს მიერ წარდგენილ 60-გვერდიან მემორანდუმში აღნიშნულია, რომ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნა უპრეცედენტოა და არღვევს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლისა და საერთო სამართლის (common law) ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურებს იურისდიქციისგან იცავს.

აშშ-ის ძალების მიერ იანვარში ჩატარებული ოპერაციისა და მისი დაკავების შემდეგ, მადურომ და მისმა მეუღლემ, სილვია ფლორესმა წარდგენილი ნარკოტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებები არ აღიარეს. მადურო თავის თავს „გატაცებულ პრეზიდენტსა და სამხედრო ტყვეს“ უწოდებს. მისი სასამართლო პროცესი მომავალ ზაფხულს არის დაგეგმილი.

დაცვის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები მადუროს არალეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ „პოლიტიკური აქტია“ და სამართლებრივად რელევანტური არ არის. ადვოკატების განმარტებით, იმუნიტეტით სარგებლობისთვის საკმარისია ის ფაქტი, რომ მადურო პრეზიდენტის უფლებამოსილებას ახორციელებდა, როგორც, სულ მცირე, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი.

გარდა ამისა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედებები წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს სახელით განხორციელებულ ოფიციალურ აქტებს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ადვოკატებმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გასული წლის გადაწყვეტილებაც მოიხმეს საპრეზიდენტო იმუნიტეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც სასამართლოებს არ აქვთ უფლება გამოიკვლიონ პრეზიდენტის მოტივები იმის დადგენისას, თუ რა ითვლება ოფიციალურ ქმედებად.