თბილისი (GBC) – X-ის (ყოფილი Twitter) მომხმარებლებს პლატფორმაზე წვდომის სანაცვლოდ ფულის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა. ისრაელის პრემიერ–მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირდაპირ ეთერში საუბრისას მასკმა აღნიშნა, რომ X სერვისის მომხმარებლებისგან „ყოველთვიურ მცირე გადასახადის ამოღებაზე გადადის“. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ბოტების პრობლემას მოხსნის.

„ეს ერთადერთი გზაა, რაც მე ბოტების უზარმაზარ არმიასთან საბრძოლველად მოვიფიქრე, – განაცხადა ილონ მასკმა. – ვინაიდან ერთი ბოტი არაფერი ღირს, თუ მას თუნდაც რამდენიმე დოლარის გადახდა მოუწევს, მისი რეალური ფასი ძალიან მაღალი გამოვა“. ამ სიახლესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე მასკს არ უსაუბრია. თუმცა, მან პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა დაასახელა: მასკის თქმით, სოციალურ ქსელს დღეს 550 მლნ ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად 100–200 მლნ ახალ პოსტს აქვეყნებენ.

ჯერ უცნობია, როგორ მოხდება მოსაკრებლის ამოღება X–სა და X Premium–ის (მანამდე Twitter Blue) მომხმარებლებისგან. X Premium–ის ფასი თვეში $8, ხოლო წლიური პაკეტი $84–ს შეადგენს. ეს პლატფორმა მომხმარებელს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის პოსტების რედაქტირებას, რეკლამის შემცირებას, შედარებით ვრცელი პოსტების გამოქვეყნებას და სხვ.