თბილისი (GBC) – მიგრანტებისთვის 350 000 ვიზის მიყიდვის ბრალდებით პოლონელი მაღალჩინოსნები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, წერს გერმანული გაზეთი BILD.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ეჭვმიტანილები არიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ და მისი ყოფილი მოადგილე პეტრ ვავჟიკი, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და ამჟამად სტაციონარშია მოთავსებული.

გამომძიებლების ვერსიით, ორივე მაღალჩინოსანმა სამ წელიწადში აფრიკელ და აზიელ შრომით მიგრანტებს 350 000 ვიზა მიჰყიდეს – თითოეული $40 ათასად. ამ ფულს კი კონტრაბანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები იყოფდნენ. ვიზების მიღების შემდეგ მიგრანტები პოლონეთში არ რჩებოდნენ და შენგენის სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ვიზების გაცემის რაოდენობით პოლონეთი ევროკავშირში ლიდერი გახდა, რითაც გერმანიასა და ესპანეთსაც კი გაუსწრო. ამის მიუხედავად, პოლონეთის ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკას.

ამჟამად შემოწმებები მიმდინარეობს პოლონეთის საელჩოებში, მათ შორის, ინდოეთში, ჰონკონგში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.