თბილისი (GBC) - დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე.
ტრამპის თქმით, აშშ-მა დარტყმები მიიტანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.
"ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები მრავალი წლის, თუ არა ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და პირველ რიგში უდანაშაულო ქრისტიანებს. მანამდე მე ვაფრთხილებდი ამ ტერორისტებს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ ხოცვა-ჟლეტას, მათ მოუწევთ ძვირი საფასურის გადახდა, და დღეს საღამოს ეს მოხდა“, - წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, „აშშ რადიკალური ისლამის აყვავებას არ დაუშვებს“.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ნიგერიაში ქმედებებს რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის ქვეყანაში სამხედრო ძალების შეყვანას ან ავიადარტყმებს.
CNN-ის ცნობით, 2025 წელს ნიგერიაში რელიგიურ ნიადაგზე რამდენიმე მასობრივი მკვლელობა მოხდა. აპრილში ნიგერიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქრისტიანების კუთვნილ დასახლებებზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ივნისში სოფელ იელვატში, სადაც ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ, 100 ადამიანი მოკლეს.
ნიგერიაში ასევე ხშირია სკოლებიდან მოსწავლეების გატაცების შემთხვევებიც. ნოემბრის ბოლოს კათოლიკური სკოლიდან ტერორისტებმა გაიტაცეს 303 ბავშვი. მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა. ბოლო 130 მოწაფე ტყვეობიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.