თბილისი (GBC) - ამერიკულ კომპანიას, „ექსონ მობილს“ ერაყში მდებარე ნავთობის საბადოზე აშშ–ის მიერ სანქცირებული რუსული Lukoil-ის საკონტროლო პაკეტის შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს შესაბამისი წინადადებით ერაყის ნავთობის სამინისტროს.

Reuters წერს, რომ „ექსონ მობილში“ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, ხოლო Lukoil-მა სააგენტოს კითხვებს არ უპასუხა.

საუბარია ერაყში მდებარე ნავთობის საბადო „დასავლეთ კურნა-2“-ზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესია.

ის Lukoil-ის ყველაზე ძვირად ღირებულ უცხოურ აქტივად ითვლება და პორტ ბასრადან 65 კილომეტრში მდებარეობს. ამ ნავთობის საბადოზე დღეში 480 ათასი ბარელი შავი ოქროს მოპოვება ხდება.

22 ოქტომბერს, აშშ-მა სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-ს და „როსნეფტს“, ასევე მათ შვილობილ კომპანიებს. მოგვიანებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Lukoil-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამოქმედების ვადა 13 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, რათა კომპანიას მიეცეს დრო საზღვარგარეთ მდებარე აქტივების გაყიდვისთვის.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ Lukoil-ის უცხოური აქტივების ყიდვით დაინტერესებულია კიდევ ერთი ამერიკული კომპანია „შევრონი“.