თბილისი (GBC) – თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა. პარასკევს დილით დოლარის კურსმა 48 ლირას გადააჭარბა.

თურქული ტელეკომპანია Sözcü-ის მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 48,065 თურქული ლირა შეადგინა, რაც წინა დღესთან შედარებით 0,33%-ით მეტია.

ექსპერტები ლირის გაუფასურების მთავარ მიზეზებად მაღალ ინფლაციას, ფასების ზრდას, მათ შორის ენერგორესურსებზე გაძვირებას, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს ასახელებენ.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ აგვისტოში გამოკითხული ბაზრის მონაწილეების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის დოლარის კურსმა შესაძლოა 51,66 ლირას მიაღწიოს.