თბილისი (GBC) – ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე სამხედრო დარტყმის გეგმა დაამტკიცა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანის ბრძანება ჯერ არ გაუცია, წერს Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გაზეთის რესპონდენტების თქმით, ტრამპს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ირანი უახლოეს მომავალში იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. თავდასხმის გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში ამერიკელების მთავარი სამიზნე ირანის ფორდოს ურანის გამამდიდრებელი ქარხანა იქნება. ეს ობიექტი მთის ქვეშ მდებარეობს და სამხედრო ექსპერტების აზრით, მისი განადგურება მხოლოდ ყველაზე მძლავრი ბომბით არის შესაძლებელი. 

ამასთან, Axios–ის წყაროები თეთრი სახლიდან ამბობენ, რომ ოპერაციის დაწყებამდე ტრამპი სამხედროებისგან სრულ გარანტიას ითხოვს, რომ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომლებიც აშშ–ს შეიარაღებაზე აქვს, ნამდვილად შეძლებენ ირანის ბირთვული ქარხნის განადგურებას. ასევე, პრეზიდენტს სურს, წერტილოვანი დარტყმებით შემოიფარგლონ და არ გააჭიანურონ ომი ახლო აღმოსავლეთში

როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ამერიკელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ირანზე დარტყმისთვის ემზადებიან. თავად ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ გაურკვევლობას ინარჩუნებს. სამხედრო სარდლობასთან შეხვედრის წინ ტრამპმა თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან მიმართებით ქმედებების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა „იდეები არის“.