თბილისი (GBC) – თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახალ პროექტზე „ფიქს თბილისი“ მუშაობს. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე თქვა, რომ ეს იქნება სმარტფონზე ჩამოსატვირთი აპლიკაცია, რომელზეც წვდომა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს და მუნიციპალიტეტებს. მისი თქმით, პროექტის მიზანია პუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის გამარტივება.

„პროექტის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე რეკვა, ინფორმაცია იყოს სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქე შეძლებს ინფრასტრუქტურული პრობლემის ასახვას ფოტოკადრზე, მისამართის მითითება და აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს. უწყებები მოახდენენ მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირებას, ხოლო შეტყობინების ავტორი მოქალაქე აპლიკაციაშივე მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

კალაძე საკმაოდ რთულსა და საპასუხისმგებლოს უწოდებს ახალი აპლიკაციის ამუშავებას, რადგან დედაქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა და მანამდეც მერიის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ოპერატიული რეაგირება იყო ამ პრობლემებზე.

კალაძის თქმით, მოქალაქეები შემდეგი პრობლემების დაფიქსირებას შეძლებენ აპლიკაციის მეშვეობით:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება;
  • ხე–მცენარეების დაზიანება;
  • გარე განათების დაზიანება;
  • საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.

მერის თქმით, აპლიკაცია 1–ლი მაისიდან გაეშვება, თუმცა მანამდე, აპრილში, კამპანიას გამართავენ საზოგადოებისთვის ამ აპლიკაციის უფრო ფართოდ წარდგენისთვის.