თბილისი (GBC) – გასულ წელს ლარი დოლართან მიმართებით 12.5%-ით გამყარდა, ნომინალური მაჩვენებლით (NEER) კი 24.9%-ით. ომამდე არსებულ პერიოდთან შედარებით ლარი 10%-ით არის გამყარებული. გამყარება ტურიზმთან და მიგრანტებთან დაკავშირებულმა შემოსავლებმა განაპირობა. 

შედეგად ეროვნულმა ბანკმა შეძლო ბაზრიდან დოლარი შეესყიდა - ჯამურად 564 მლნ დოლარის მოცულობით, რამაც ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ 4.9 მლრდ დოლარამდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart ელის რომ წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.8-ის ფარგლებში იქნება. 

აღსანიშნავია რომ გასულ წელს დოლარის მიმართ არაერთი ვალუტა გაუფასურდა. ასე მაგალითად ევრომ საკუთარი ღირებულების 6.1%-ი დაკარგა, ყაზახურმა ტენგემ 7.1%, მოლდოვურმა ლეიმ 7.8%, უკრაინულმა გრინვამ 34.7%, ხოლო თურქულმა ლირამ 40%. 

G&T-ს გათვლებით გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმით, ექსპორტითა და ფულადი გზავნილებით ჯამში 13.5 მილიარდი დოლარი მიიღო რაც წლიურად 72%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გადინებამ ამავე არხებით 14.2 მლრდ დოლარი შეადგინა - დადებითი ბალანსი კი წინა წელთან შედარებით 2 მლრდ დოლარი იყო. 

„ომის შემდგომ შექმნილმა დადებითმა ფაქტორებმა გასულ წელს საქართველოს ეკნომიკა დამატებით 2-3 პროცენტული პუნქტით გაზარდა“, - განმარტავენ Galt&Taggart-ში.