თბილისი (GBC) – მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანელებმა დააკავეს. ვარდანიანის დაკავება ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენის მეუღლე ადასტურებს.

„დღეს დილით ჩემი ქმარი, რუბენ ვარდანიანი, ფილანთროპი, ბიზნესმენი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ტყვედ აიყვანა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. ეს საზღვარზე მოხდა, როდესაც იგი არცახის დატოვებას აპირებდა ათასობით სხვა სომეხთან ერთად, რომლებიც აზერბაიჯანული ოკუპაციისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. 10–თვიანი ბლოკადის განმავლობაში რუბენი მხარდამხარ იდგა არცახელებთან ერთად, ითმენდა შეზღუდვებს და გადარჩენისთვის მათთან ერთად იბრძოდა. ვლოცულობ, რომ ჩემი ქმარი უვნებელი გამოუშვან და თქვენ მხარდაჭერას გთხოვთ“, – ნათქვამია ვარდანიანის მეუღლის ვერონიკა ზონაბენდის განცხადებაში. 

სომხეთის პრემიერის პრესმდივნის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 47 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. მათი უმრავლესობა აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქალაქ გორისში ჩერდება, სადაც ლტოლვილების მიმღები ცენტრია გახსნილი .