თბილისი (GBC) – PMCG Reseach მომდევნო 3 თვეში დასაქმებასთან დაკავშირებით ბიზნესის მოლოდინების კვლევას აქვეყნებს.
1Q25 -ში გამოკითხული კომპანიების უმეტესობას მომდევნო 3 თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვს, თუმცა დასაქმების ბარომეტრი შემცირებულია როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.
ბიზნესის მოლოდინები ხელფასებისა და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ: გამოკითხული კომპანიების 40%-მა 1Q25 -ში ხელფასები გაზარდა (92%-მა - 0-20%-ით, ხოლო 8%-მა - 20-40%-ით), თუმცა მხოლოდ 18%-მა განაცხადა, რომ გეგმავს ხელფასების გაზრდას მომდევნო კვარტალში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულ კომპანიათა 23%-ში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მომდევნო კვარტალში.
შრომის ბაზრის სრულფასოვანი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინების გათვალისწინებაც. 1Q25 -ში გამოკითხულ ბიზნესებს მომდევნო სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა BAG-ის დასაქმების ბარომეტრი შემცირდა როგორც 4Q24 -თან (4.0 ქულით), ასევე 1Q24- -თან შედარებით (20.3 ქულით).
BAG-ის დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 1Q25 -ში ყველა სექტორში დადებითია, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით მშენებლობის (14.1 ქულით), მრეწველობისა (6.5 ქულით) და ვაჭრობის (5.5 ქულით) სექტორებში გაუარესდა, ხოლო მომსახურების სექტორში მცირედით (1.3 ქულით) გაიზარდა.
გამოკითხული კომპანიების 40%-მა 1Q25 -ში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 1Q24 -თან შედარებით ნაკლებია. მათგან 92%-მა ხელფასები 0-20%-ით გაზარდა, ხოლო 8%-მა - 20-40%-ით. 2Q25 -ში კი კომპანიების 18% გეგმავს თანამშრომლების ხელფასების გაზრდას.
შეგახსენებთ, BAG დასაქმების ბარომეტრი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. იგი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ. კომპანიებს შეუძლიათ დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ მომდევნო სამი თვის გეგმები აღწერონ, როგორც „მზარდი“, „სტაბილური“ ან „კლებადი“. ამ გეგმების საბალანსო მნიშვნელობა გამოითვლება პასუხების – „მზარდისა“ და „კლებადის“ – წილებს შორის სხვაობითა და სექტორების მიხედვით შეწონვით. BAG ბარომეტრის მნიშვნელობა მერყეობს -100-დან +100-მდე. -100 ნიშნავს, რომ ყველა კომპანია მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო +100 ნიშნავს, რომ ყველა კომპანია მოელის - ზრდას.