თბილისი (GBC) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის - CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა სხვადასხვა სერვისების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას (DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე, როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე - გასასვლელებში (Gate).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა. სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს.