თბილისი (GBC) –  თბილისის მერი კახა კალაძე მზიურის პარკით მოსარგებლე ყველა ახალგაზრდას ულოცავს მუნიციპალიტეტისთვის 18 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის დაბრუნებას ამის შესახებ კალაძემ ხუთშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიწის აღნიშნული მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია, რადგან იქ აქამდე შეუძლებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. კალაძის განცხადებით, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება.

„ჩვენ აქამდე ვერ მოვახერხეთ სრულად მზიურის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს.

პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა ახალგაზრდას, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომლის ფართობიც დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრია. დღეს ეს მონაკვეთი არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან შეუძლებელი იყო გარკვეული სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება. მთავრობაზე ეს საკითხი უკვე გავიტანეთ, შემდეგ ის გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია რეკრეაციული სივრცეები, მწვანე არეალები და მზიურის პარკი. თბილისელებს ექნებათ კიდევ უფრო მეტი სივრცე დასვენებისთვის, გართობისთვის და პარალელურად ჩვენი დამოკიდებულება გაგრძელდება მწვანე და რეკრეაციული სივრცეების მიმართ. ჩვენ გვსურს, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და განახლებული“, - თქვა მერმა.