თბილისი (GBC) – Recov.ge–ს ანალიზის თანახმად, 2023 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 420 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით შემცირდა. ახალი პროექტების შემთხვევაში მოთხოვნა 6%-ით, ძველ პროექტებში კი 18%-ითაა შემცირებული. ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ფასები

2023 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველ ბინებს რაც შეეხება,საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

ბათუმი

2023 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 11%-ით, 1,422 ერთეულამდე შემცირდა. ახალაშენებული ბინების შემთხვევაში მოთხოვნა 8%-ით, ძველ ბინებზე კი 41%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 17%-ით, 56 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

ბათუმში საანალიზო პერიოდში ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა.

ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 984 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 აშშ დოლარამდე გაიზარდა.