თბილისი (GBC) – ეკონომისტი რამაზ გერლიანი GBC-სთან საუბრისას ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-იან შემცირებას აფასებს და მისი აზრით, ექსპორტის 18%-იანი კლების მთავარი მიზეზი ლარის კურსის სწრაფი გამყარებაა. ბოლო პერიოდში ლარმა სწრაფი გამყარების ტენდენცია აჩვენა. ამან ექსპორტიორებს მთელი რიგი ქვეყნებიდან შემოსავალი შეუმცირა, რაც ავტომატურად აისახა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაშიც.
ეკონომისტის აზრით საგარეო ვაჭრობის მონაცემების ზრდა რეექსპორტის და წმინდა იმპორტის ხარჯზეა.
„საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე ლარის, როგორც სწრაფი გამყარება, ასევე სწრაფი გაუფასურება, სტატისტიკაში ძირითადად უარყოფითად აისახება“ - აცხადებს გერლიანი.
შეგახსენებთ,იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ $2 მლრდ შეადგინა, რაც 23.6 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 50.3 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 %-ით შემცირდა და $986.8 მლნ-ს გაუტოლდა.