ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, 5 წელში, ყოველწლიურად 30%-ით გაიზარდება.  საქართველოს  კი, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობისთვის.

„ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე,ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე. ბოლო წლებში საჯარო და კერძო სექტორში  ელექტრონული მომსახურებების დანერგვის შედეგად ციფრული  ტექნოლოგიების მოხმარება გაიზარდა სახელმწიფო-მოქალაქე, სახელმწიფოს-ბიზნეს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის  გახსნაზე.

მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება.

ვიცე-პრემიერმა ქვეყნის ციფრულ ეკოსისტემაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც.

გამოწვევების დასაძლევად სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს.

"მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის წარადგინა ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმა, რაც მოიცავს შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებას. პროექტი საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად გადააქცევს.

ეს გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.

მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტები ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტბაზრის 30%-იან ზრდას პროგნოზირებენ, 5 წწლის შემდეგ. საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია ექნება.

ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი.