თბილისი (GBC) – მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 – კერძო. 2022–23 სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლების რაოდენობა 17-ით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთშია.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი - ბიჭი.
რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.
2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია.
2023 წელს საშუალო სკოლა 47 291 მოსწავლემ დაამთავრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.