თბილისი (GBC) –  თბილისის მერია მეტროპოლიტენისთვის რუსული საწარმოს „მეტროვაგონმაშ“ ვაგონებს აღარ შეიძენს. ასეთი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლურმა სანქციებმა განაპირობა, რომელიც შესაძლოა „მეტროვაგონმაშს“ შეეხოს.

„კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთობლივად. კონსულტაციები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია EBRD“, – აღნიშნა კალაძემ.

რუსულმა „მეტროვაგონმაშმა“ EBRD–ის მიერ თბილისის მეტროპოლიტენისთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპულმა ბანკმა რუსულ კომპანიას დაახლოებით 50 მლნ ევროს გადახდა შეუწყვიტა.