თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტი თბილისის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე განახლებას აქვეყნებს და წერს, რომ ივლისში დედაქალაქის მეორად ბაზარზე გაყიდვების ზრდა გაგრძელდა და 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

წელს გაყიდვების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა პირველად ბაზარზეც, რასაც ნაწილობრივ ივლისში შეთავაზებულმა ფასდაკლებებმაც შეუწყო ხელი. ეს ტენდენციები შენელებული მოთხოვნის პერიოდის შემდეგ ბაზრის სტაბილიზაციაზე მიუთითებს. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ივლისში გაიზარდა. ამასთან, ფასებმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

მოთხოვნა

2025 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 647 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა (7 თვეში -0.3% წ/წ).
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.6%-ით შემცირდა (7 თვეში +4.7% წ/წ).

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ივლისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 7.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ივლისის მაღალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, ყოველთვიური გაყიდვების დადებითი დინამიკა მოთხოვნის სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ჯამურად, 2025 წლის 7 თვეში გაყიდვები წლიურად 1.6%-ით გაიზარდა. 2025 წლის 7 თვეში თბილისში სულ 22 778 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.8 მლრდ შეადგინა (+6.0% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 113,332 მ²-ს შეადგენდა (+36.1% წ/წ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო). ჯამურად, 2025 წლის 7 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 2.8%-ით გაიზარდა.

ფასები

2025 წლის ივლისში, პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა განაგრძო. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა და $1 340-ს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და $1 263 შეადგინა.

ქირა

2025 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ²) ქირის ფასი თვეში, 1%-ით გაიზარდა და კვადრატულზე $9.5 შეადგინა, რაც 3.1%-ით ჩამორჩება გასული წლის ივლისის ფასს.