თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიაში“ 10 სექტემბერს გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ თემაზე, „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. მომხსენებლებმა (საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა - სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - თინათინ ხიდაშელმა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა - ლუკ კოფმა) და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
მოსმენაზე ისაუბრეს „MEGOBARI აქტის“ მიღების საჭიროებაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოებაზე: რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან."საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია - „ქართული ოცნება“ სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა", - განაცხადა მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია - განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს", - დასძინა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?
“არ მინდა, საქართველოში ვითარების აღწერაზე საუბარი. ყველამ ვიცით და ფართოდ აღიწერება ასევე, მედიაში, რომ ვითარება უკიდურესად რთულია ყველა - დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების და ადამიანების მდგომარეობის - მხრივ. მე დღეს, აქ, იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან და, შეიძლება, სიმბოლურად, მსურს ვახსენო მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში ზის სრულიად უმიზეზოდ…
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო სტრატეგიული გამარჯვება იყო აშშ-ისთვის რუსეთზე, თან მშვიდობიანი. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და შესაბამისად, ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას, ამერიკა სრულფასოვანი აქტორი გახდა რეგიონში, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა.
დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და, ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად.
“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე.
პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას; ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ; უვიზო - ჩინეთთან და ირანთან.
აშშ-ის შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას!
დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ!
რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი - ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია! რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რა თქვა თინა ხიდაშელმა?
“თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და, სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა.
მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს.
“ქართულმა ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, მაშინ როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს “შუა დერეფანში” შესაძლებლობებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოს დონის შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს და ჩინურ კომპანიას მიეცა პირობა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას.
მტკიცებულებზე დაყრდნობით კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონი ივანიშვილი პირადად არის ჩართული ჩინურ ბიზნესებში. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ, 2018 წელს დაიწყო და ეხებოდა ძალიან ცნობილ ჩინურ კომპანიას CFC-ის, ზოგიერთს გემახსოვრებათ.
ეს კომპანიაა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი აქ დააკავეს ნიუ-იორკის აეროპორტში, როდესაც ნაღდი ფული დიდი რაოდენობა გადაჰქონდა და გაეროს მაღალჩინოსნების მოსყიდვას ახდენდა. ეს არის კომპანია, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს საქართველოში და ივანიშვილის ოფშორული კომპანიები - სადაც მისი სახელი ჩანს, ძალიან გამჭვირვალეა, ფურცელზეა - დაკავშირებული იყვნენ.
ასევე დაიწყო ყველაფერი. ასე დაიწყო საქართველოს ჩინურ ორბიტაზე მოხვედრა - ამ დიდი გარიგებით ფოთში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტია. ივანიშვილი დაუკავშირდა ამ ძალიან ცნობილ კორუმპირებულ ჩინურ კომპანიას მას შემდეგაც კი, რაც ეს ხალხი აქ ნიუ-იორკში დააპატიმრეს. მას შედეგად კი, რაც გამოძიებები იყო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში. მათ მაინც გააგრძელეს მათთან თანამშრომლობა. და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, მაგრამ შემთხვევაა, რომელიც კარგად დოკუმენტირებული და გამოძიებულია" , - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რა თქვა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა სტივ კოენმა?
“არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის [ბიძინა ივანიშვილი] პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა - მაშინ ილონ მასკის შესახებ არ ვიცოდი - მაგრამ მას ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკში დავინახე - მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. და ვიფიქრე - ეს არის დადებითი პერსონაჟი?..
“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, რომ იყო…
რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.
სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ “MEGOBARI აქტს”, რაღაც პრობლემები იყო...
მაგრამ ბატონი [ჯო] უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა”, და გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის”, - განაცხადა სტივ კოენმა.
რა თქვა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა?
“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… და ეს ძირს უთხრის აშშ-ის მხრიდან კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი ინვესტიცია გააკეთა, რათა საქართველოს დახმარებოდა თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში.
რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ქართული ოცნება” ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.
ეს ღალატი აქ არ ჩერდება. “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი რეჟიმს დაუკავშირა, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.
ცხადად ვთქვათ, “ქართული ოცნება” არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. კვლავ და კვლავ ქართველი ხალხი მასიურ დემონსტრაციებს მართავს და მათ დემოკრატია, სუვერენიტეტი და დასავლეთთან ერთად მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლისკენ დაბრუნება სურთ.
მაგრამ დღეს მათი მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატიების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატორულ რეჟიმთან.
ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს”, - განაცხადა უილსონმა.