თბილისი (GBC) - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს. შესაბამის კადრებს ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს.

ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.

"მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ.

მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მოგვიანებით სუსმა პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად იმყოფებოდა "ფორმულას" ეზოში.

სუსის წარმომადგენლებმა ხაბეიშვილის შემდეგ მურთაზ ზოდელავა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. კადრებს სოციალურ ქსელში ეკა შანიძე ავრცელებს.