თბილისი (GBC) - შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს: "სამწუხაროა, რომ ეუთო/ოდირს დროული მიწვევა არ მიუღია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე შინაარსიანი დაკვირვება".
სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას.
„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიები გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
The lack of a timely invitation to allow for meaningful observation of Georgia’s upcoming local elections by @osce_odihr is regrettable. Recent amendments to Georgia’s electoral legislation jeopardise election integrity. Meanwhile, repression against civil society and opposition… https://t.co/L0I6USbS6K
— Swedish Ministry for Foreign Affairs (@SweMFA) September 10, 2025
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვია. თუმცა, გუშინ, 9 სექტემბერს ეუთო/ოდირის განცხადება გავრცელდა, სადაც წერია, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნიან.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ "საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის".
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.
ცესკო არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სიას ავრცელებს, ესენია:
- იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია
- ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო
- მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია
- თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო
- ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო
- მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია
- ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია
- სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია
- ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
- ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია
- Association „ALTERFACT“
ცესკოს ინფორმაციით, საერთაშორისო დამკვირვებლების გარდა, არჩევნებს 9 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ესენი არიან:
- „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“
- „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“
- „ასოციაცია თავისუფალი თაობა“
- „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“
- „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
- „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“
- „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“
- „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“
- „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“