თბილისი (GBC) - ირლანდიურმა ჰეჯ ფონდმა Helikon Long Short Equity Fund Master ICAV-მა რომელმაც Lion Finance Group PLC-ში (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) მიმდინარე წლის იანვარში 2,224,828 აქცია სვოპით შეისყიდა, (რაც ჯგუფის 5.0163%-ს წარმოადგენდა), სვოპების ნაწილი დააგრძელვადიანა, ხოლო ნაწილი კი დახურა. 

კერძოდ, სვოპ პოზიციები ფონდმა წლის დასაწყისში სამ ტრანშად იყიდა, საიდანაც 1.2269%-იან წილზე ქეშ გარიგება მოკლევადიანი, 2026 წლის 30 იანვრამდე მოქმედებს, ხოლო 3.7894% (1.9809%+1.8085%) კი გრძელვადიანი გარიგებაა რომელიც 2027 წლის 16 ნოემბრამდე მოქმედებს.

ამჯერად კი პოზიციები შემდეგნაირადაა განაწილებული: 0.8576% 12.11.2026-მდე, 2.585% (1.6735%+0.9115%) 16.11.2027-მდე, 1.0487% 12.09.2030-მდე, ხოლო 0.4805 კი 28.02.2035-მდე ვადიანობის.

ამჯერად ფონდს სვოპ პოზიციებით ჯგუფის 4.9718%-ის ექვივალენტი 2,161,695 ჩვეულებრივი აქცია უჭირავს.

ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გასულ კვირას დაიხურა.

ცნობისთვის, ე.წ Cash Settled Equity Swap-ის ტრანზაქციით, ფონდი  LFG-ის აქციებზე ფლობს სვოპის პოზიციას, თუმცა არ ახდენს მათ ფიზიკურ შესყიდვას. ნაცვლად ამისა, ფონდი და პარტნიორი მხარე განიხილავენ საფასო სხვაობას და გადაიხდიან მხოლოდ თანხას, რომელიც აქციების ფასის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

Equity Swap არის შეთანხმება ორ მხარეს შორის, სადაც ერთი მხარე იღებს სარგებელს აქციების ფასის ზრდიდან (long პოზიცია), ხოლო მეორე მხარე იღებს სარგებელს აქციების ფასის დაცემიდან (short პოზიცია).

Cash Settled კი ნიშნავს, რომ არ ხდება ფიზიკური აქციების გაცვლა. გარიგების დასრულებისას ხდება მხოლოდ თანხის გადახდა, რომელიც ეფუძნება აქციების ღირებულების ცვლილებას.

Helikon Long Short Equity Fund Master ICAV ირლანდიის ბაზარზე რეგისტრირებული Hedge ფონდია, რომელიც აქციების ბაზარზე ე.წ "long" და "short" სტრატეგიებს იყენებს. მისი მიზანი ბაზრის მიმართულებისგან დამოუკიდებლად, სარგებლის მიღებაა. ფონდი ინვესტიციებს ახორციელებს გლობალურ აქციებში და აქტიურად მართავს პორტფელს. ფონდის ძირითადი აქტივები მოიცავს სხვადასხვა სექტორების აქციებს, როგორებიცაა ტექნოლოგიები, ჯანმრთელობის სერვისები, ფინანსები, ენერგეტიკა და სხვა, ხოლო მისი პორტფელი ხშირად მოიცავს როგორც გრძელ, ისე მოკლე პოზიციებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდი ირლანდიის ცენტრალური ბანკის მიერ რეგულირდება, როგორც ღია ტიპის ფონდი და შეზღუდული ლიკვიდობა გააჩნია.