თბილისი (GBC) - გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა 29 სექტემბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას "ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა სიტყვით: "გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლეთ ჟურნალისტები".
მაკკლირის თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუღებელია, ამიტომ ის მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს "უკუსვლა ავტორიტარიზმისკენ".
"მე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი ვარ. ჩემს პარლამენტარ კოლეგებთან ერთად, საკმაოდ ბევრი გვისაუბრია და გვიმსჯელია იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობა მიუღებელია, ბრიტანეთის ხელისუფლება ინფორმირებულია ამის შესახებ.
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კონკრეტულ პირებს საქართველოში იმ ქმედებების გამო, რისი მოწმეებიც ვართ. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება, წამყვანი ჟურნალისტების დაპატიმრება მიუღებელია და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მე აბსოლუტურად და ცალსახად ვგმობ ამას", - განაცხადა ჯეიმს მაკკლირმა.
მისივე თქმით, მათი გავლენით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მნიშვნელოვან ზომებს ატარებს, კერძოდ კი, იმ ინდივიდების დასანქცირებას, რომლებიც, "ქართული ოცნების" უკან დგანან.
"მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომლის დასანქცირებაც მე პირადად მოვითხოვე და ასევე სხვებისაც. მე მინდა მას მივმართო - რადგან ვიცი, რომ ის ისმენს, რასაც ჩვენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტში ვამბობთ. ასევე ვიცი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობაც ისმენს, რასაც ვამბობთ, რადგან ისინი აქვეყნებენ განცხადებებს, სადაც აცხადებენ, რომ მე აზრზე არ ვარ, რაზე ვლაპარაკობ. ამიტომ მათ ასე ვეტყვი: თუ გინდათ, რომ თქვენზე აღარ ვილაპარაკოთ, თუ გინდათ, რომ სანქციებით აღარ დაგემუქროთ, თუ გინდათ, აღარ მოგიწოდოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, თუ გინდათ, რომ აღარ დავგმოთ თქვენი ავტორიტარული ქმედებები საქართველოში - ეს ძალიან მარტივია: გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლეთ ჟურნალისტები, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი", - განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა, რომლის თარგმანსაც "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.
ჯეიმს მაკკლირმა "ოცნებას" ასევე გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და დასძინა, "მიეცით ქართველ ხალხს საშუალება, საკუთარი გზა თავად აირჩიონ, იქნება ეს ევროპული გზა თუ რაიმე სხვა - ეს მათი ნებაა".
"ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი. ამიტომ მოგმართავთ - გაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისკენ, დაუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და ხელი შეუწყვეთ ნათელი მომავლის დადგომას ყველა ჩვენგანისათვის", - განაცხადა ჯეიმს მაკკლირმა.
სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ "რისი იძულებითი მოწმეებიც ახლა ვართ საქართველოში, არის არა მხოლოდ ევროპული ღირებულებების, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის რღვევა".
მისი თქმით, ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება, უბრალოდ მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია. გერმანელი პარლამენტარის თქმით, მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.
"როგორც გერმანელი, მე ყოველთვის ვამაყობ გერმანულ-ქართული ურთიერთობებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანის მიხედვით ახლოს ვართ ერთმანეთთან; მე ყოველთვის ვგრძნობ, რამდენად ღრმაა მეგობრობა ამ ორ ქვეყანას შორის და მინდა, მადლიერება გამოვხატო ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშის მიმართ, რომლის შესახებ რეპორტაჟიც გუშინ ვნახეთ.
მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმას, რაც ჩემმა კოლეგებმა უკვე აღნიშნეს - მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება", - განაცხადა გერმანელმა პარლამენტარმა.