თბილისი (GBC) – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 29 სექტემბრის განცხადების თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს „გურია ენერჯის" დირექტორი მამუკა ჟღენტი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი კ.რ.

სუსის განცხადებით, ბრალი წარედგინება საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელ დ.მ-ს. „საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს". - აცხადებს უწყება.

სუსის გამოძიების თანახმად: „2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნირიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კილომეტრი სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მამუკა ჟღენტი ტენდერის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის, კ.რ.-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის" მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია".

უწყების ცნობით, ამ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტის, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9 წლამდე ვადით.