თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის ორშაბათის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.

ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ,  მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.