თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ოცნება" ცდილობს წვლილი შეიტანოს რეგიონულ სტაბილურობაში. მისივე თქმით, საქართველომ წამოიწყო დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას.
„წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძის თქმით, ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას.
„საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9.8% დააფიქსირა მსოფლიოში! ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს.
„აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების, ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2025 წელს ირაკლი კობახიძე თურქმენეთს ოფიციალური ვიზიტით მესამედ ეწვია.
საქსტატის მიხედვით, თურქმენეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, 35-ე ადგილზეა. 2025 წლის 10 თვეში, თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვამ $77.8 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან ($67.9 მლნ) შედარებით, 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.