თბილისი (GBC) – NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის 2025 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე, მოკავშირეებმა NATO-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს. აღნიშნულის შედეგად, მოხდა თანამშრომლობის გარკვეული ელემენტების, მათ შორის „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გადახედვის მიუხედავად, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან (GDF) წინსვლას განაგრძობს, რაც 2025 წლის მაისში ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებში აისახა. თბილისში მოქმედი NATO-ს სამეკავშირეო ოფისი კი აგრძელებს აქტიურ მუშაობას რეგიონის სამივე პარტნიორთან - საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში, NATO მიესალმა პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო რჩება იმ პარტნიორებს შორის, რომლებიც დახმარებას იღებენ თავდაცვის შესაძლებლობების მშენებლობის (DCB) ინიციატივისა და „კეთილსინდისიერების შენების“ (Building Integrity) პროგრამის ფარგლებში.

2025 წლის განმავლობაში NATO-ს მრჩეველთა გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდა ალიანსთან თავსებადობის გაზრდისა და თავდაცვის სექტორში კორუფციის პრევენციის მიზნით.