თბილისი (GBC) – NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გააქტიურებისკენ მოუწოდა, რომელიც თავს რუსეთის აგრესიისგან იცავს. „ამ ომის შედეგები გლობალური უსაფრთხოების სისტემას ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს“, – განაცხადა მან ვაშინგტონში NATO-ს სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

სტოლტენბერგის თქმით, „აგრესიული რუსეთის მეზობლად ყოფნა“ არ არსებობს „დანაკარგებისა და რისკების გარეშე“. „ყველაზე ძვირი დაგვიჯდება და უდიდესი რისკი იქნება რუსეთის უკრაინაში გამარჯვება. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, – თქვა გენერალურმა მდივანმა. მანვე აღნიშნა, რომ ომში გამარჯვება პრეზიდენტს პუტინს, ასევე სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში, სიმხნევეს შემატებს. „მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვის დრო დადგა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან ალიანსში ახალი წევრების მიღებაზეც ისაუბრა, მათ შორის უკრაინაზე. გენერალური მდივნის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ NATO-ს გაფართოებამ ევროპა გააერთიანა, გაჭრა ინტეგრაციის გზა და კონტინენტს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა.

NATO-ში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას

NATO-ს სამდღიან სამიტზე, რომელიც აშშ–ის დედაქალაქში გაიხსნა, ისაუბრებენ ალიანსის ახალ სამეთაურო სტრუქტურებზე, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას და უკრაინელი სამხედროების წვრთნებს გაუწევენ კოორდინირებას. ამ სტრუქტურების ფუნქციაში შევა ასევე შემდგომი დაფინანსების, სამხედრო დახმარების გაფართოების და უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებების კოორდინაცია. სხვა საკითხებთან ერთად სტოლტენბერგმა უკრაინისთვის მომდევნო 12 თვის განმავლობაში $40–მილიარდიანი გარანტირებული მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, თქვა მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა.

ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრით არის წარმოდგენილი.