თბილისი (GBC) – აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ–მინისტრთან სატელეფონო საუბრები გამართა. აშშ–ის მთავარი დიპლომატი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და ბენეფიტებზე ესაუბრა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დასამყარებლად აშშ რეალურ შესაძლებლობას ხედავს“.

მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა შესაძლოა აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთის მიმართულებით განხორციელდეს.

თავის მხრივ, საქართველო მზადაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგისა და ურთიერთნდობის მხარდასაჭერად, რასაც ქვეყნის ოფიციალური პირები საჯარო განცხადებებშიც ადასტურებენ.

ამავე დროს, დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა თავისი დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაააქტიუროს. მათი აზრით, თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შესაძლოა რეგიონულ ფორმატში გაერთიანდნენ და ევროკავშირისა და აშშ–ის ჩართულობა გამორიცხონ, რათა დათმობებზე წასვლა აიძულონ სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირი რეგიონიდან ვერ გაიყვანს ირანს, რუსეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს, მაგრამ სომხეთისთვის თავისი ინტერესების დაბალანსებაში მხარდაჭერა შეუძლია.