თბილისი (GBC) – უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩინურმა ბანკებმა რუსეთის საფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება გაზარდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემის  Financial Times (FT) კვლევაშია ნათქვამი. გაზეთის ინფორმაციით, 14 თვეში – 2022 წლის თებერვლიდან 2023–ის მარტის ჩათვლით – რუსეთის საბანკო სექტორში ჩინეთის წილი ოთხჯერ გაიზარდა.

FT–ის ანალიზიდან ირკვევა, რომ რუსული ბანკების მთავარი კრედიტორები გახდნენ Industrial and Commercial Bank of China, Bank of China, China Construction Bank და Agricultural Bank of China. საანალიზო პერიოდში ჩინურმა ბანკებმა თავისი ჯამური დაბანდებები რუსეთში $2,2 მლრდ–დან $9,7 მლრდ–მდე გაზარდეს. ამასთან, FT–ის ცნობით, რუსეთში მოქმედმა უმსხვილესმა დასავლურმა ბანკმა, ავსტრიულმა Raiffeisen Bank, ქვეყანაში თავისი აქტივები 40%–ზე მეტით გაზარდა, $20,5 მლრდ–დან $29,2 მლრდ–მდე.

2023 წლის ივნისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის ქვეყნების ბანკებს, რომლებიც რუსეთში საქმიანობას აგრძელებენ, მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსეთის ბაზარი.