თბილისი (GBC) – ომის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად სულ მცირე 10 ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ემზადება, აცნობეს სააგენტო Bloomberg-ს საკითხში გარკვეულმა წყაროებმა. მათი თქმით, ეს საკითხი ევროპელი ლიდერების 19 აგვისტოს შეხვედრაზე წამოიწია. კერძოდ, მათ განიხილეს უკრაინაში ჯარების გადასროლის დეტალები, მათი რიცხოვნობა და პოტენციური დისლოკაციის ადგილები. სავარაუდოდ, მრავალეროვნული დაჯგუფება თავდაპირველად უკრაინის არმიის გაძლიერებით და უკრაინელი სამხედროების წვრთნით დაკავდება. ამასთან, როგორც სააგენტოს წყაროები ამბობენ, სამხედროები ფრონტის ხაზისგან მოშორებით განლაგდებიან.
ჯარების უკრაინაში გადასროლის გეგმა აშშ–ის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რაც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაცვლას, საზღვრებზე დაკვირვებას და შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების.
ევროპელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს, რათა უკრაინის მხარდაჭერის გეგმის დეტალები განიხილონ, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. Bloomberg-ის წყარომ დააზუსტა, რომ ამ მოლაპარაკებებში ევროპაში NATO-ს უმაღლესი სარდლობა და ალიანსის წევრების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის პირობები უახლოეს დღეებში შეთანხმდება.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა უკრაინაში ამერიკის ჯარის გაგზავნა, თუმცა განიხილავს ჰაერიდან მხარდაჭერას, რაც უსაფრთხოების გარანტიების შემადგენელი ნაწილი იქნება.