თბილისი (GBC) - დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები სტუ-ს ტენდერში 2020-ში გამარჯვებული "სამშენებლო კომპანია №1-ის" ხელმძღვანელები არიან.

₾6.6 მილიონიანი ტენდერი უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. სამტრედიიის მუნიციპალიტეტში მდებარე სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის  კომპანიამ  3 432 520 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.

დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, აყალბებდნენ დოკუმენტებს და თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.