თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ომის ვეტერანებისთვის არსებული 100-ლარიანი დახმარების გაზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და მომდევნო პერიოდში ვეტერანებისთვის როგორც ფულადი, ისე არაფულადი დახმარების გაზრდის შესაძლებლობას შეაფასებს.
„გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა დაახლოებით 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაზე საპარლამენტო კომიტეტში.
მინისტრის განმარტებით, დამატებითი მხარდაჭერის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასდება, რა შესაძლებლობას იძლევა ბიუჯეტი.
„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. (...) არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
