თბილისი (GBC) - II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის
ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია:

2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის
მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.0 პროცენტი,
ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.8 პროცენტი.

2023 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების
მთლიანმა ყიდვებმა 26.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7
პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა -
16.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 737.7 ათასი
კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.9 პროცენტი ქალია, ხოლო 57.1 პროცენტი - კაცი.

2023 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური
ხელფასი 1 914.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
გაზრდილია 289.0 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 482.4 ლარი შეადგინა (გასული
წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 215.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 032.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 182.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 570.3 ლარი