თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, რომელსაც ოთხშაბათს აქვეყნებს, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2010-2023 წლებში.

2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 45.4 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს.

2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2023 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის რეგიონებში, შესაბამისად 7.7, 6.2 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2023 წელს, რეგიონების მიხედვით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2010- 2023 წლებში.