თბილისი (GBC) – Galt&Taggart ელის რომ 2023 წელს საქართველო 7.7 მილიონ უცხოელ მოგზაურს მიიღებს, რაც პანდემიამდელ - 2019 წლის მონაცემზე მაღალი იქნება, გასულ წელთან შედარებით კი 64%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. გასულ წელს საქართველოში 4.7 მლნ ვიზიტი შედგა, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტი 3.6 მლნ იყო, დანარჩენი წილი კი 1 დღიან - ე.წ. ტრანზიტულ ვიზიტებზე მოდიოდა. 

ჯამში ქვეყანამ ტურიზმიდან ერთი წლის განმავლობაში 3.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. მიუხედავად იმისა რომ ტურისტული ვიზიტები ჯერ არ დაბრუნებია პანდემიამდელ მონაცემს შემოსავლის კუთხით 2019 წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება. შედარებისთვის 2021-ში ტურიზმიდან შემოსავალი 1.2 მლრდ დოლარს შეადგენდა, პანდემიამდე კი მაქსიმალური მაჩვენებელი 3.2 მლრდ დოლარი იყო.

ამასთან, საინვესტიციო ბანკის გათვლით ქვეყანაში შემოსული უცხოელებიდან 150 000-დან 200 000 პირამდე მიგრანტია. მთლიან შემოსავლებში რუსეთის წილი 30%-ია, 23% თურქეთის, ხოლო 6.7% უკრაინის. ევროკავშირის ქვეყნების წილი ტურიზმის შემოსავლებში კვლავ დაბალია და 5.3%-ს შეადგენს. G&T-ის გათვლებით 2023-ში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4 მლრდ დოლარს მიაღწევს.