თბილისი (GBC) - 2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა და $267.91 მლნ შეადგინა. გაეროს მონაცემთა ბაზისა (UN Comtrade) და ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ კლება დიდწილად უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე - რუსეთის ფედერაციაში მიწოდების შემცირებამ განაპირობა.
საანგარიშო პერიოდში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 6.6%-ით ($11.98 მლნ-ით) შემცირდა. მიუხედავად ამისა, ოკუპანტი სახელმწიფო კვლავ რჩება საქართველოს უალტერნატივო პირველ ბაზრად $170.67 მლნ-ით, რაც მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 63.7%-ს შეადგენს.
რუსეთის პარალელურად, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა აშშ-ის (-17.4%), ყაზახეთისა (-10.4%) და დიდი ბრიტანეთის (-7.6%) ბაზრებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტის ღირებულება $7.15 მლნ-დან $5.9 მლნ-მდე შემცირდა, რის გამოც მან რეიტინგში მერვე ადგილზე გადაინაცვლა და გერმანიას ($5.94 მლნ, +1.1%) ჩამორჩა.
ტრადიციული ბაზრების კლების ფონზე, საქართველომ ექსპორტის ზრდა დააფიქსირა ევროკავშირისა და აზიის რამდენიმე მიმართულებით.
საექსპორტო პარტნიორების ათეულში პოზიციები გაიმყარეს პოლონეთმა ($16.98 მლნ, +2.3%), უკრაინამ ($13.39 მლნ, +7.5%) და ჩინეთმა ($9.83 მლნ, +6.1%). ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ბელარუსსა (19.7%) და ლატვიაში (16.5%).
განსაკუთრებით მაღალი ზრდის დინამიკით, თუმცა შედარებით მცირე მოცულობებით, გამოირჩევიან საფრანგეთი (+63.1%), ნორვეგია (+66%), უზბეკეთი (+65.4%) და ბულგარეთი (+65.7%).
საანგარიშო წელს ყველაზე მკვეთრი, 110.1%-იანი ზრდა ავსტრიის ბაზარზე დაფიქსირდა, სადაც საექსპორტო მაჩვენებელი $0.30 მლნ-მდე გაიზარდა.
