თბილისი (GBC) - Reuters-ის ცნობით, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა. სამხედრო ალიანსის პრესსპიკერმა ამ ვიზიტს „დიდი ხნის წინ დაგეგმილი“ უწოდა, რომელიც მას შემდეგ იმართება, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეები ირანის ომთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გააკრიტიკა.

„შემიძლია დავადასტურო, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას ვაშინგტონში იქნება დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტით“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა ელისონ ჰარტმა. ვიზიტი თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა. მგზავრობის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის გაყვანას დასავლური სამხედრო ალიანსიდან, რადგან ევროპელი წევრები უარს ამბობენ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების მოსახსნელად გემების გაგზავნაზე.

ოთხშაბათს, თეთრ სახლში სააღდგომო სადილზე შეკრებილი მოკავშირეების წინაშე გამოსვლისას, ტრამპმა გააკრიტიკა საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები და მათ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

NATO, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და კანადას, 1949 წელს საბჭოთა თავდასხმის საფრთხის დასაპირისპირებლად შეიქმნა და მას შემდეგ დასავლეთის უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„NATO-ში რამდენიმე ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავდა“, - თქვა ტრამპმა. „იმედია, ისინი არასოდეს დაგვჭირდება. მე არ ვფიქრობ, რომ დაგვჭირდებიან“.