თბილისი (GBC) – პეკინში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის ორსაათნახევრიანი მოლაპარაკებები ორი ლიდერის მიერ რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის გაღრმავების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერით დასრულდა. დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. პუტინის პეკინში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 10 დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი მანამდე ამბობდა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ეს ერთობლივი განცხადება ვრცელი, 30-გვერდიანი დოკუმენტია. მასში აღნიშნულია „ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებულობა“ და მონიშნულია „სამართლიანი და დემოკრატიული წესრიგის ფორმირებაში რუსეთისა და ჩინეთის როლი“.

პუტინის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 16–17 მაისს გასტანს. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაშია ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. პუტინის და სის არაფორმალურ ვახშამს დელეგაციის რამდენიმე წევრი დაესწრება.