თბილისი (GBC) – ამერიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში  პოზიციების გამყარებაზე აკეთებს გათვლას. ამის შესახებ პრემიერ ფაშინიანისადმი ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი. 

ვაშინგტონი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთს არ შეუძლია. ეს განცხადებები მოსკოვს არ მოსწონს, თუმცა ამერიკა დაჟინებით მოითხოვს ყარაბაღში საერთაშორისო მისიის შექმნას.

ერევანში სულ უფრო მეტად იხრებიან რეგიონში რუსეთის სამშვიდობოების დასავლურით ჩანაცვლებისკენ. ასევე გააქტიურებულია თურქეთი, რომელიც ზანგეზურის დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს.

ყარაბაღის მოვლენების ფონზე რეგიონში არსებულ ვითარებას ცნობილი ექსპერტი თომას დე ვაალი აანალიზებს. იგი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს აკრიტიკებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ კონფლიქტის დარეგულირების გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა.

მისივე თქმით, მომხდარი ნათლად წარმოაჩენს რუსეთის როლს, რომლის უსაფრთხოების გარანტიები უსარგებლო აღმოჩნდა მისივე პარტნიორი სომხეთისთვის.

ალიევს ესმოდა, რომ თურქეთი მას მხარს დაუჭერდა, ხოლო რუსეთი დიდ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მიიჩნევს თომას დე ვაალი.

ალიევმა ყარაბაღის რეგიონსა და მთლიანად აზერბაიჯანში ლეგიტიმურობა გაიმყარა.

ფაშინიანი კი რუსეთით უკმაყოფილებას არ მალავს, რაც დასავლეთისთვის რეგიონში პოზიციების გასამყარებლად კარგი შანსია. ექსპერტის აზრით, ამან სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა მთლიანად შეცვალოს სურათი.

ალიევის და ფაშინიანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 5 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება.