თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ტერორიზმის დაფინანსებაში წაუყენა ბრალი Forbes-ის უმდიდრესი მეწარმეების სიის მონაწილეს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავრობის ყოფილ მეთაურს რუბენ ვარდანიანს, რომელიც ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ლაჩინის გამშვებ პუნქტში დააკავეს.

რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო ბანკირია. მან კარიერა რუსეთში აიწყო. არის მოსკოვში მდებარე სკოლის „სკოლკოვო“ დამფუძნებელი. მან რამდენიმე საქველმოქმედო პროექტითაც გაითქვა სახელი. 2022 წელს მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და ყარაბაღში გადასახლდა, სადაც არაღიარებული სომხური რესპუბლიკის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. იგი ბაქოს ზეწოლით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ვარდანიანი 27 სექტემბერს ლაჩინის სასაზღვრო პუნქტთან დააკავეს, როდესაც იგი სხვა ლტოლვილებთან ერთად ცდილობდა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთში გადასვლას.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესმენს სამი მუხლით წაუყენეს ბრალი: ტერორიზმის დაფინანსება, შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

28 სექტემბერს აზერბაიჯანელი ძალოვნებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ განაცხადა ე.წ. მთიანი ყარაბაღის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.

„ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი – გაქცევა, სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს მრავალტანჯულ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, მე კი, პატიოსანი ადამიანი, მშრომელი, პატრიოტი და ქრისტიანი, ამას ვერ დავუშვებ“, – განაცხადა ბაბაიანმა.

დღესვე, 28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეგიონის 120 ათასიანი სომხური მოსახლეობის ნახევარმა, ეთნიკური წმენდის შიშით, უკვე დატოვა საკუთარი სახლები და სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა.